logo

HEKS/EPER-ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორის სტუმრობა სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლაში“

2016 წლის 25 ოქტომბერს, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS-EPER- ის რეგიონალური პროექტების კოორდინატორი სოფელ სართიჭალის ,,ფერმერთა სკოლას“ ეწვია, რომლის მიზანი იყო სოფლის მეურნეობის ახალი პროექტის მონიტორინგი. ბატონი მარკ ზოსი შეხვდა ფონდის დირექტორსა და პროექტის მენეჯერს.

გარდაბნის რაიონის საჯარო სკოლებში პროექტის პრეზენტაცია ჩატარდა

2016 წლის 22-23 სექტემბერს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლების სართიჭალასა და მუღანლოს საჯარო სკოლებში(ხუთი სკოლა), საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდის ,,ლაზარეს“ წარმომადგენლებმა ჩაატარეს პროექტის პრეზენტაცია, რომლის მიხედვით სართიჭალაში გაიხსნება ნინოწმინდის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ ფილიალი, სადაც დაინტერესებული ახალგაზრდები შეისწავლიან შემდეგ სპეციალობებს: ფერმერი, მეფუტკრე, მესაქონლე, მებოსტნე და მეხილე. სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს, ტრეინინგებს, ფაკულტატიურ ლექციებსა და სასწავლო ექსკურსიებს დემო ფერმებში. მომავალი ფერმერები მიღებული ცოდნის საფუძველზე გააუმჯობესებენ საკუთარ მეურნეობებს, დაიწყებენ პროდუქციის წარმოებას და პროექტის დახმარებით დაამყარებენ კავშირს ბაზართან, საკუთარი პროდუქციის რეალიზაციის მიზნით.

,,ფერმერთა სკოლა" სტუმრად მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე

2016 წლის 12 სექტემბერს,  საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლისა“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ნინოწმინდაში სასწავლო-პრაქტიკული ბაზა გაიხსნა

2016 წლის 30 ივნისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯის სასწავლო-პრაქტიკული ბაზა - ხეხილის ბაღი, რომელიც დაფინანსებულია ისრაელის MASHAV-ის პროგრამის მიერ (მცირე გრანტები კურსდამთავრებულებისათვის), ისრაელის ერთ- ერთი მოწინავე კომპანია NETAFIM -ის მხარდაჭერით (საირიგაციო კომპონენტი).
ღონისძიებას ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი იუვალ ფუქსი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ფონდ „ლაზარეს“დირექტორი ბატონი რეზო შარაბიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათ მოინახულეს ნაკვეთი, სადაც წლის ბოლომდე ხეხილის ბაღი გაშენდება.