logo

კოლეჯის ისტორია და მისია

                                               

ბოლო ათწლეულის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის წინაშე ბევრი გამოწვევა დადგა: მძიმე სამუშაო და საცხოვრებელი პირობები,სამეურნეო ცოდნისა და სამეწარმეო უნარის დეფიციტი. სოფლის მეურნეობის დაბალ განვითარებას, ასევე ხელი შეუწყო ნიადაგის არასწორმა დამუშავებამ, არასერთიფიცირებული სათესლე მასალის გამოყენებამ, სასუქების და პესტიციდების ნაკლებობამ, თესვის ვადების დარღვევამ, ტექნიკის სიმცირემ, მოშლილმა საირიგაციო და სადრენაჟო სისტემებმა და სხვა მიზეზებმა .

საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია განათლებისა და გადამზადების დახვეწილი სისტემის არსებობა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც ფერმერისაგან ცოდნას და განათლებას მოითხოვს, მაგრამ მცირეფერმერთა უმეტესობას ამაზე ხელი არ მიუწვდება.
ამ მიზნით, 2014 წლის გაზაფხულიდან შვეიცარული ორგანიზაცია HEKS_EPER- ის თანადგომით ფონდ„ლაზარეს“ მიერ განხორციელდა სოფლის მეურნეობის პროექტი სახელწოდებით -,,ფერმერთა სკოლა”, რომელიც ითვალისწინებდა ახალგაზრდების პროფესიულ გადამზადებას.
კახეთში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოწმინდაში მდებარე ფერმერთა სკოლაში სტუდენტებმა შეისწავლეს ორი სპეციალობა: მეფუტკრეობა და მებოსტნეობა. ორივე სპეციალობის სასწავლო კურსი მოიცავდა მარკეტინგის და მენეჯმეტის კურსს; შეიქმნა სასწავლო ბაზა: სალექციო აუდიტორია, ბიბლიოთეკა აგრეთვე, შეძენილ იქნა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ფუტკრის ოჯახები და მეფუტკრეობის ინვენტარი. სასწავლო კურსი ასევე მოიცავდა : ტრენინგებს ორგანულ სოფლის მეურნეობაში და ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე; ფაკულტატურ ლექციებს: ფერმერული მეურნეობის პრობლემებსა და საჭირობებზე, გარემოს დაცვაზე, საქართველოს დაცული ტერიტორიებსა და მათ მნიშვნელობაზე. სასწავლო კურსი დატვირთული იყო სასწავლო ექსკურსიებით დემო-ფერმებში.
ფონდისა და პროექტის დახმარებით სტუდენტთა ნაწილმა შემოსავლების გაზრდის მიზნით შექმნა კოოპერატივი და ასევე წამოიწყო საკუთარი ბიზნესი. მათ 2015 წელს მიიღეს ნივრის მოსავალი, რომლის რეალიზაციით პირველი შემოსავალიც მიიღეს.
,ფერმერთა სკოლის“ პროექტის ფარგლებში,ფონდ ,,ლაზარესთან“ მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს საპატრიარქო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, აგრარული უნივერსიტეტი, კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი,, აისი”, ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაცია და ბიო-მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანა“.
პროექტი 2015 წლის ბოლოს დასრულდება. მდგრადობისათვის, ფონდმა „ლაზარემ“ „ფერმერთა სკოლის“ ბაზაზე დააფუძნა ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა“, სადაც 2016 წლიდან სწავლის მსურველებს შესაძლებლობა მიეცემათ დაუფლონ პროფესიულ პროგრამებს, სადაც სწავლა სრულიად უფასოა და დაფინანსებულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ.

დაწესებულების მისიაა: საქართველოს რეგიონებში პროფესიული განათლების დანერგვა და ადგილობრივი მოსახლეობის პროფესიული განვითარების ხელშეწყობა.