წარმატების ისტორიები
-
ვანო ბასილაშვილი
,,მეფუტკრეობა ჩემთვის გამოწვევაა, რომელიც დიდ შრომასა და ცოდნას მოითხოვს“- აცხადებს ვანო ბასილაშვილი, რომელმაც მეფუტკრეობა 2017 წელს, საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ მიერ დაფუძნებულ პროფესიულ კოლეჯ ,,ფერმერთა სკოლაში“ შეისწავლა.
თავდაპირველად ახალგაზარდა მეფუტკრეს სულ ორი ოჯახი ჰყავდა, თუმცა სურვილმა და მონდომებამ ფუნდამენტურად შეესწავლა ფუტკარი და მასთან მუშაობის პრინციპები, თავის შედეგი გამოიღო - ამჟამად ვანო ბასილაშვილი 45 ფუტკრის ოჯახს ითვლის. მნიშვნელოვანია, რომ მისი საქმიანობით მეგობრებიც დაინტერესდნენ ვანო მათაც დაეხმარა, გაუზიარა ,,ფერმერთა სკოლაში“ მიღებული ცოდნა და გამოცდილება; დღეისთვის კი მათ ერთად უკვე 100-ზე მეტი ფუტკრის ოჯახი ჰყავთ და გეგმაში აქვთ მომავალში კიდევ უფრო გააფართოვონ საფუტკრე მეურნეობა, შეიძინონ ფუტკრის მთაბარობისთვის საჭირო სატრანსპორტო საშუალება და მოახდინონ საკუთარი პროდუქციის ექსპორტი. -
კახი მშვიდობაძე
2016 წელს, 15 წლის სკოლის მოსწავლემ, კახი მშვიდობაძემ ,,ფერმერთა სკოლაში“ დაიწყო სწავლა და მეფუტკრეობისა და მეცხოველეობის სრული კურსი გაიარა. ამავდროულად ის თიანეთის რაიონის სოფელ მარგანეთში მცირე მეურნეობას ეწეოდა : ჰყავდა ფუტკრის ოჯახები და ძროხები. ამასთან, რამდენიმე ოჯახთან ერთად, სოფელში ჩამოაყალიბა კოოპერატივი ,,მთის პროდუქტი“ , სადაც ბიო პროდუქტებს აწარმოებენ; ფერმა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ,,ელკანას“ წევრია. პროდუქციას (საქონლის ხორცს) სოციალური ქსელის დახმარებით უკეთებენ რეალიზაციას.
,, მეცხოველეობაში მასწავლეს ცხოველთა კვების რაციონის შედგენა, რაც გამოვიყენე ჩემს ფერმაში და საქონლის მასის სერიოზული მატება მივიღე“-ამბობს კახი ,,ფერმერთა სკოლაში“ მიღებულ ცოდნაზე.
2017 წლის 27 ოქტომბერს, პრეზიდენტის მიერ გამართულ ღონისძიებაზე, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებს უმასპინძლა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. მიწვეულ სტუმართა შორის ,,ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული კახიც მშვიდობაძეც იმყოფებოდა.
უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კახი ერთ-ერთი იყო იმ სამ მცირეწლოვან ფერმერს შორის, რომელთა მიმართ ინტერესი და გულთბილი დამოკიდებულება პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოხატა. -
გაბრიელ როსტომაშვილი
2015 წელს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა სკოლის მოსწავლემ გაბრიელ როსტომაშვილმა ,,ფერმერთა სკოლაში“ მებოსტნეობის სრული კურსი გაიარა. მას ყოველთვის სურდა დაეწყო მცირე ფერმერობა, ჰქონოდა პირადი შემოსავალი და თავადაც შეეტანა მცირე წვლილი საოჯახო ბიუჯეტში. გაბრიელმა, ასევე ,,ფერმერთა სკოლის“ ორ კურსდამთავრებულთან: გოგა ხაბაზიშვილთან და მედეა მღებრიშვილთან ერთად გადაწყვიტა საკუთარ ნაკვეთზე ნივრის მოყვანა. მიღებული ცოდნის საფუძველზე, მათ დამოუკიდებლად შეასრულეს ყველა პრაქტიკული დავალება - ნაკვეთის შერჩევა, ნიადაგის მომზადება, თესვის ვადის განსაზღვრა და ნათესის მოვლა.
გაბრიელმა და მეგობრებმა, ,,ფერმერთა სკოლის თანადგომით, 2 ტონა ნივრის მოსავალი მიიღეს, საიდანაც ნაწილი პირადი მოხმარებისთვის გამოიყენეს, ნაწილს კი რეალიზაცია გაუკეთეს.