logo

ცენტრის მისია

მსმენელების თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კომპეტენციებით აღჭურვა და მათი პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა.

ცენტრის ისტორია

ბოლო ათწლეულების განმავლობაში სოფლის მოსახლეობის წინაშე ბევრი გამოწვევა დადგა - რთული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები, სამეურნეო ცოდნისა და სამეწარმეო უნარების დეფიციტი, რამაც სხვა მრავალ მიზეზთან ერთად ხელი შეუშალა სოფლის მეურნეობის განვითარებას.
საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის განათლებისა და გადამზადების დახვეწილი სისტემის არსებობა. ამიტომაც, 2014 წლის გაზაფხულიდან შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის თანადგომით, საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდმა „ლაზარემ“ საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დაიწყო პროექტის განხორციელბა, რომელიც ითვალისწინებდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის პროფესიული სწავლების შეთავაზებას, მიღებული განათლების საფუძველზე ხარისხიანი პროდუქტების წარმოების და საკუთარი შემოსავლების გაზრდის ხელშეწყობას.
საქართველოს საპატრიარქოსა და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების დახმარებით, სოფელ ნინოწმინდაში გადმოგვეცა ძველი შენობა, რომელიც აღიჭურვა და კეთილმოეწყო შესაბამისი რესურსებით, რათა სრულყოფილად მოგვეხერხებინა მოსახლეობის მიერ მოთხოვნადი ორი სპეცილეობის: მებოსტნეობისა და მეფუტკრეობის სპეციალობების სწავლება.
სასწავლო კურსების პარალელურად, თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებთან ერთად ტარდებოდა ტრენინგები - ფერმის მართვაზე/მარკეტინგზე, გარემოს დაცვაზე, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებაზე, ორგანულ სოფლის მეურნეობაზე და დაცული ტერიტორიების მნიშვნელობაზე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე დემო-ფერმებში ეწყობოდა სასწავლო-პრაქტიკული ექსკურსიები.
ვინაიდან, პროექტმა რეგიონში დიდი წარმატება მოიპოვა, დასრულების შემდეგ ფონდმა გადაწყვიტა განევითარებინა იგი და სწავლება უფრო მაღალ ხარისხში აეყვანა. ამ მიზნით, პროექტის ბაზაზე დააფუძნა ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა.“ დაწესებულებამ 2016 წელს მოიპოვა ავტორიზებული კოლეჯის სტატუსი და მიიღო საქართველოს საპატრიარქოს დაფინანსება.
2020 წლიდან ა(ა)იპ პროფესიული კოლეჯი ჩამოყალიბდა როგორც პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, რომელიც მორგებულია ადგილობრივი მოსახლეობისა და ფერმერთა მოთხოვნებს. მათ სრულიად უფასოდ ეძლევათ შესაძლებლობა მოკლე ვადაში დაეუფლონ შემდეგ სპეციალობებს: ფუტკრის პროდუქტების მიღება და ხეხილის სხვლა-ფორმირება.
ცენტრს გააჩნია საკუთარი პრაქტიკული ბაზები: 2 ჰა ფართობზე გაშენებული თანამედროვე ხეხილის ბაღი, საფუტკრე მეურნეობა, ასევე, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი შენობა, ბიბლიოთეკა, თეორიული მეცადინეობის აუდიტორია და ფუტკრის პროდუქტების მიღება-დამუშავების ლაბორატორია.