logo

ნინოწმინდაში სასწავლო-პრაქტიკული ბაზა გაიხსნა

2016 წლის 30 ივნისს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში გაიხსნა საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ „ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯის სასწავლო-პრაქტიკული ბაზა - ხეხილის ბაღი, რომელიც დაფინანსებულია ისრაელის MASHAV-ის პროგრამის მიერ (მცირე გრანტები კურსდამთავრებულებისათვის), ისრაელის ერთ- ერთი მოწინავე კომპანია NETAFIM -ის მხარდაჭერით (საირიგაციო კომპონენტი).
ღონისძიებას ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მისი აღმატებულება ბატონი იუვალ ფუქსი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ფონდ „ლაზარეს“დირექტორი ბატონი რეზო შარაბიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მათ მოინახულეს ნაკვეთი, სადაც წლის ბოლომდე ხეხილის ბაღი გაშენდება.


ფონდმა „ლაზარემ“ 2014 წლიდან კახეთის რეგიონში მუშაობა დაიწყო სოფლის მეურნეობის მიმართულებით და საგარეჯოს რაიონის სოფელ ნინოწმინდაში დააფუძნა პროფესიული კოლეჯი „ფერმერთა სკოლა,” სადაც სტუდენტები ეუფლებიან მებოსტნეობისა და მეფუტკრეობის პროფესიულ პროგრამებს. მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით ფონდმა მიიღო გადაწყვეტილება კოლეჯში დამატებითი პროფესიული პროგრამის (მეხილე) განხორციელების თაობაზე, რომლისთვისაც საჭირო გახდა სასწავლო-პრაქტიკული ბაზის მოწყობა; ამ მიზნით „ლაზარემ“ ისრაელის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,მაშავის“ ცენტრში გააგზავნა მხარდაჭერის პროექტი, რომელმაც ყველა მოთხოვნა დააკმაყოფილა და მიღებული მიკროგრანტით მოხდა 2 ჰა მიწის ნაკვეთის შეძენა, ნიადაგის დამუშავება, შემოღობვა, წვეთოვანი მორწყვის სისტემის ცენტრალური არხების გაყვანა და საინფორმაციო ბანერის განთავსება.
"მაშავი" ისრაელის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტოა, რომელიც 1957 წელს ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ჩამოყალიბდა მსოფლიოსთვის ახალი გამოგონებებისა და ტექნოლოგიების გაცნობის მიზნით.