logo

12 სექტემბერი, 2016 წელი

2016 წლის 12 სექტემბერს , საგამოფენო ცენტრში ,,ექსპო ჯორჯია“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 50 წლისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო საქართველოს საპატრიარქოს საქველმოქმედო ფონდ ,,ლაზარეს“ პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლისა“ და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მიერ წარმოებული მეფუტკრეობის პროდუქტები. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების ხელმძღვანელი პირები, დონორი და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის წარმომადგენლებს იუბილე მიულოცა და განაცხადა, რომ მათი აქტიური ჩართულობით შესაძლებელი გახდა რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში მეფუტკრეობის დარგის შენარჩუნება. დღეს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მეფუტკრეობის განვითარება და თაფლის წარმოების ხელშეწყობაა, ამ მიმართულებით სამინისტრო არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. თაფლის წარმოების ზრდისა და მეფუტკრეობის დარგის ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანია მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ფარგლებში, მეფუტკრეები ტექნიკურ დახმარებასაც მიიღებენ, ასევე შეძლებენ წარმოებული პროდუქციის ერთი ნიმუშის ლაბორატორიული კვლევის უფასოდ ჩატარებას. მინისტრის მოადგილემ, წარმატებული მეფუტკრეები სპეციალური დიპლომებით დააჯილდოვა.
ქართული ფუტკრის წარმომავლობაზე, მის უნიკალურობაზე, მიღწევებსა და მნიშვნელობაზე ვრცლად ისაუბრა მეფუტკრეთა კავშირის თავმჯდომარემ რამაზ თავართქილაძემ, მიმოიხილა მეფუტკრეთა კავშირის 50 წლიანი საქმიანობა და გამოთქვა სურვილი დარგის სამომავლო განვითარებისთვის ახალგაზრდა თაობის უფრო აქტიური ჩართვის შესახებ.
დანიის სამეფოს მეფუტკრეთა ასოციაციის წარმომადგენელმა თავის მისასალმებელ გამოსვლაში საქართველოს მეფუტკრეთა კავშირს ერთობლივი თანამშრომლობა შესთავაზა , წაიკითხა მსოფლიო მეფუტკრეთა კავშირის პრეზიდენტის მილოცვა და სურვილები.
მეფუტკრეობის დარგის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ისაუბრა აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იოსებ აბულაძემ და განაცხადა, რომ ეს გამოფენაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიული კოლეჯი ,,ფერმერთა სკოლა“ წელს პირველად იღებდა მონაწილეობას გამოფენაში, მაგრამ მისმა წარმოებულმა პროდუქციამ - ყვავილის თაფლმა გემოთი, სუნითა და შეფერილობით სრულად დააკმაყოფილა ნატურალური თაფლის მახასიათებლები და დიდი მოწონება დაიმსახურა.