logo

„ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

2017 წლის 27 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებს უმასპინძლა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული პრობლემები მოისმინა. მიწვეულ სტუმრებს შორის პროფესიული კოლეჯის ,,ფერმერთა სკოლის“ კურსდამთავრებული კახი მშვიდობაძეც იყო. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ კახი ერთ-ერთია იმ სამ მცირეწლოვან ფერმერს შორის, რომელთა მიმართ ინტერესი და გულთბილი დამოკიდებულება პრეზიდენტმა განსაკუთრებით გამოხატა.

22780323 842064969295111 3674129339732451874 n

26057788 1248564078620959 1602875471 n

24272939 1672782902771992 1692661703 n
ღონისძიების დასარულს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფერმერებს წარმატებები უსურვა, ახალგაზრდა ფერმერებს კი საჩუქრად წიგნები გადასცა.

კახი 15 წლის არის და ასაკის მიუხედავად უკვე დიდი გამოცდილება აქვს სოფლის მეურნეობაში. იგი თბილისის 52-ე საჯარო სკოლის მოსწავლეა, მაგრამ ორი წელია ყოველ შაბათ-კვირას, თიანეთის რაიონის სოფელ მაგრანეთში, საოჯახო ფერმაში მუშაობს. კახი მიზანდასახული და განათლებული ბიჭია, საკუთარ თავზე ძალიან მოკრძალებით საუბრობს, სურვილი აქვს, რომ მომავალში საკუთარ წვლილი შეიტანოს ქვეყნის აგრარულ სექტორში.

25660266 1699113733472242 2188144263747570594 n

რატომ გადაწყვიტე პროფესიულ კოლეჯში ,,ფერმერთა სკოლა“ სწავლა?

სოფელი თიანეთის რაიონში მაქვს, იქ უამრავი საქმეა, ამიტომ მამას ხშირად ვეხმარებოდი , მაგ, ხეხილის გასხვლაში; თან ჩემი უფროსი ძმა -დაჩი ნინოწმინდის ,,ფერმერთა სკოლაში“ მეფუტკრეობას სწავლობდა, მეც დავინტერესდი სოფლის მეურნეობის პროფესიული კუთხით შესწავლით, ამიტომ მეც პროფესიულ კოლეჯში ,,ფერმერთა სკოლა“ ჯერ მეფუტკრეობის კურსი გავიარე, ხოლო შემდეგ მეცხოველეს სპეციალობაც შევისწავლე. მომწონს ,,ფერმერთა სკოლა“ , რადგან აქ არიან მასწავლებლები, რომლებიც სტუდენტებს ასწავლიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, აძლევენ პრაქტიკულ რჩევებს, რომელთა გამოყენებაც ხშირად მეხმარება ფერმაში მუშაობისას.

რჩევა, რომელიც პრაქტიკაში გამოიყენე?

ვისწავლე, რომ ხეხილის ბაღში, რიგებს შორის მაღალი ბალახი უნდა დატოვო, ის იგივეა რაც მულჩირება; ჩვენს სოფელში სარწყავი წყალი არ არის, ამიტომ ტენის შენარჩუნებისთვის ეს კარგი საშუალებაა. მეცხოველეობაში მასწავლეს ცხოველთა კვების რაციონის შედგენა, რაც გამოვიყენე ჩემს ფერმაში და საქონლის მასის სერიოზული მატება მივიღე.

როდის შეიქმნა თქვენი საოჯახო ფერმა ?

2015 წლიდან ჩემს სოფელში, თიანეთის რაიონის სოფელ მაგრანეთში რამდენიმე ოჯახმა შევქმენით კოოპერატივი ,,მთის პროდუქტი“. ჩვენი ფერმა მდებარეობს ზღვის დონიდან 1100 მეტრზე, ჰაერის წლიური საშუალო ტემპერატურა 18 გრადუსია, განლაგება და ჰაერის ტემპერატურა ქმნის პირობებს, რომ სასოფლო-სამეურნეო დაავადებებმა გვიან გაიღვიძონ და ადრე დაიძინონ. ეს კი არის იდეალური პირობა იმისთვის, რომ ვაწარმოოთ ბიო-პროდუქტი. ჩვენი ფერმა არის ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია "ელკანას" წევრი და ასევე ვთანამშრომლობთ კომპანია "ინვეტთან".

როგორი იყო პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?

ფერმაში გვყავს მსხვილფეხა საქონელი- ქართული ჯიშის ძროხები, რომლებიც ადგილობრივ პირობებს მაქსიმალურად არიან მორგებული. აქ ჩვენ საკვებ მასალას - ბალახეულ მცენარეებს - ვთესავთ და ვზრდით ყოველგვარი შხამ-ქიმიკატების გამოყენების გარეშე; კოოპერატივს აქვს ხუთი ნაკვეთი, სადაც ძროხები მორიგეობით ჯერ ერთ ნაკვეთზე ძოვენ ბალახს, ამასობაში მეორე ნაკვეთზე უკვე ამოსულია ახალი ბალახი და ა.შ.; ასევე, საქონლის საკვებად ვიყენებთ ქერს, ხორბალს, სიმინდს, კომბინირებულ საკვებს.

როგორ ხდება ნაწარმის რეალიზება?

პროდუქციას (საქონლის ხორცს) სოციალური ქსელის დახმარებით ვყიდით, გვყავს მომხმარებლები, რომლებიც თავად გვიკავშირდებიან.

ფერმაში ფუტკარიც გყავთ ?

მართალია, საქონლის ყოლა უფრო მომგებიანია, მაგრამ ფერმაში ფუტკრის 18 ოჯახიც გვყავს; ფუტკართან მუშაობა ასევე ,,ფერმერთა სკოლაში“ ბესო მასწავლებელმა ( ბესარიონ თოფურიძე მეფუტკრეობის პედაგოგი) გვასწავლა. ის ყოველთვის გვეუბნება, რომ როცა ფუტკარი გყავს მათზე აუცილებლად უნდა აწარმოო დაკვირვება, ჩაიწერო რვეულში ყველა ის განსაკუთრებული შემთხვევა და თავისებურება, რაც უშუალოდ შენი ფუტკრისთვის არის დამახასიათებელი. ფუტკარი სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულია, ამიტომ ყველა მეფუტკრეს უნდა ჰქონდეს საკუთარი მიდგომა -,,წიგნი“, რომლითაც ის იხელმძღვანელებს ფუტკართან მუშაობისას.

რა სირთულეები გექმნება ფუტკართან მუშაობისას?

ჩვენთან კლიმატური პირობების გამო რთულია ფუტკრის მოშენება, წელს ღალიანობის პერიოდში წვიმები მოვიდა, თან ბუნება აქ გვიან იღვიძებს და ადრე იძინებს, მთა-ბარობა არ უწევს ფუტკარს, თუმცა მინდვრის ყვავილები აქ მუდმივად არის.

კახი, ხეხილის ბაღი გაქვთ? პირველ მოსავალს როდისთვის ელოდები?

წელს სამასი ძირი ხეხილი დავრგეთ: ვაშლი, გარგარი, ქლიავი. ესენი საადრეო ჯიშებია, ნაყოფს მე-3 წელს მოგვცემს. ჩვენს ხილს ის უპირატესოა ექნება, რომ მაგალითად, თუ ქვედა ზონაში ხეხილი წლის განმავლობაში 12-14-ჯერ იწამლება, ჩვენთან ეს მაჩვენებელი სულ მცირე 2-ჯერ ნაკლებია (ანუ 6-7 შეწამლაა საჭირო).

შენი მომავალი გეგმები?

ჩემს მომავალს სოფლის მეურნეობას ვუკავშირებ. „ფერმერთა სკოლაში“ დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მივიღე, რითაც ძალზე კმაყოფილი ვარ. მათ ასევე საინტერესო სასწავლო ტურები აქვთ დიდ ფერმერებთან და ორგანიზაციებში. მაგალითად ბატონმა ლევან თორთლაძემ ძალზე საინტერესო ინფორმაცია მოგვაწოდა მეცხოველეობაში და ხელოვნური განაყოფიერების ლაბორატორია დაგვათვალიერებინა. გადავწყვიტე მომავალში აგრარულ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება და აგრომენეჯმენტის შესწავლა.

P.S ინტერვიუს დასრულების  შემდეგ კახი გამოცდაზე წავიდა „ფერმერთა სკოლაში”.გზას დავულოცავთ და წარმატებებს ვუსურვებთ ყველაზე ახალგაზრდა ფერმერს თავის საქმიანობაში.